ექსპერტი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ ოპოზიციას თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვება სურს არასტანდარტული ნაბიჯის პოვნა უნდა შეძლოს, რომელიც რეიტინგის ზრდის პროცესს უფრო დინამიკურს გახდის. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
"მაგალითისთვის ხშირად მომყავს: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რომელიც 10%-მდე არ აღწევდა. თუმცა სააკაშვილმა რამდენიმე ენერგიული ნაბიჯი გადაგა, კერძოდ, ბათუმში მომხდარ ცნობილ მოვლენებს ვგულისხმობ. მის ამ ქმედებების შემდეგ, ორ კვირაში, მისი რეიტინგი 70%-მდე გაზარდა", - აღნიშნა საყვარელიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამ არჩევნებშიც გამორიცხული არაფერია, თუმცა გამარჯვებისთვის ოპოზიციის მხრიდან არასტანდარტული ნაბიჯის პოვნაა საჭირო, რაც რეიტინგის ზრდის პროცესს უფრო დინამიკურს გახდის.
"ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ასეთ არასტანდარტული ნაბიჯის მოძებნას", - აღნიშნავს საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს საქართველოში თვითმართველობის და დედაქალაქის მერის არჩევნები გაიმართება.