ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ხელისუფლების მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია თავის ოპონენტებთან შედარებით უფრო ეფექტურად დაიწყო.
"გიგი უგულავს "პიარს" ვერ დაუწუნებ: ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი სწორედ ადამიანებთან სამუშაო შეხვედრების გამართვაა, რაც სატელევიზიო და ქუჩის რეკლამებზე უკეთ მუშაობს. ეს კარგად გამოცდილი მეთოდია. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მთელ ამერიკას მოივლიან ხოლმე არა იმიტომ, რომ სატელევიზიო არხებით ყველასთან ხმა არ მიუწვდებათ, არამედ ასე უშუალო კონტაქტების, შეიძლება ითქვას ხელის ჩამორთმევა და მხარდამხარ დგომა უფრო ეფექტურია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
ექსპერტის შეფასებით, "ნაციონალური მოძრობას" "პიარის" თვალსაზრისით დიდი გამოცდილება აქვს. ამის გარდა, "პიარის" სპეციალისტებს იყენებენ, რაც მათ კამპანიას უფრო თვალში საცემს ხდის.
"ნაციონალურ მოძრაობა, როგორც წესი ყოველთვის უფრო მეტ მობილიზაციას "პიარზე" ახდენს და ყოველთვის უფრო ენერგიულია, ვიდრე მის მეტოქეები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ადრე დაიწყო, რითაც მის მხარდამჭერ აზრს ადამიანთა ცნობიერებაში უფრო ადრე აყალიბებდა", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, უგულავას კონკურენტებმა საარჩევნო კამპანია გვიან დაიწყეს და ისიც ტრადიციული ფორმით - სარეკლამო კლიპებითა და ბანერებით რაც ნაკლებად ეფექტურია.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ საარჩევნო კამპანიის პირველი დღე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო პროცესში გაატარა.