ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი 2 მოსამართლეს „არნახულ კორუფციულ სამართალდარღვევაში“ ადანაშაულებს. როგორც ადვოკატმა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, ვიდეო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსამართლე ცანავას და მიქაუტაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ამავე მოსამართლეების მიერ დოკუმენტში ჩაწერილ გადაწყვეტილებას. საქმე ეხება რამდენიმე პროკურორის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ უარის თქმის ფაქტზე სასამართლო გადაწყვეტილებას.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, სავარაუდოდ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს.
„ამდენი ხანი ამ პროფესიაში ვარ. რა არ მინახავს, მაგრამ სასამართლომ გამოაცხადოს ერთი გადაწყვეტილება და ადვოკატთა ასოციაციას ჩააბაროს მეორე - ეს არის არნახული კორუფციული სამართალდარღვევა, ან სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული. არსებობს გადაწყვეტილება ბეჭდით და მოსამართლის ხელმოწერით და არსებობს ვიდეომასალა. მოსამართლემ ჩაგვაბარა ის, რაც მხარეს არ მოუთხოვია“, - განაცხადა ადვოკატმა.