იტალიაში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის ორგანიზებით და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება 18 ივნისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქართული კულტურის დღეების გახსნის ცერემონია, თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მოკრძალებული იყო. ამავე მიზეზით, ღონისძიებას ვერ დაესწრო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც რომში ვიზიტი გააუქმა.
გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე ბოლო ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს და წუთიერი დუმილით - სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას - პატივი მიაგეს.
ღონისძიება - საქართველოს ელჩმა იტალიაში - კახა სიხარულიძემ გახსნა და დაღუპულ თანამემამულეთა ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართული კულტურის დღეების ჩატარება რომში ოთხი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მათი გადადება, ტრაგედიის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა.