ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დასს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო გალა კონცერტი, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარედაჭერით ტარდება.
13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიისა და ამის ფონზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღონისძიების სადღესასწაულო ფორმატი შეიცვალა.
ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულთ.
ანსამბლის დასსთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიღეებენ მსოფლიო ბალეტის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა.
გალა კონცერტზე დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
27 ივნისს, 19:00 სთ-ზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართება გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულ სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის მანძილზე შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალას და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს.
გალა კონცერტი, კლასიკური და ახალი ცეკვების პროგრამით, დაიწყება 20:00 სთ-ზე.
კონცერტის ხანგრძლივობაა 90 წთ.
23 ივნისიდან ბილეთები გასაყიდად განთავსდება ვებ-გვერდზე www.biletebi.ge
25 ივნისს, 15:00სთ-ზე სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში ნინო და ილიკო სუხიშვილები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ღონისძიების მონაწილე, საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავები - ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი, ნიდერლანდების ცეკვის ანსამბლი, ანსამბლის პროდიუსერები სხვადასხვა ქვეყნებიდან.