ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ საერთაშორისო კონფერენცია "აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა" ჩატარდება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ-ს ინფორმაციით, 2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ თარიღს აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეულით აღნიშნავს.
საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები უკრაინის, ლატვიის და სხვა ქვეყნების, ასევე, მონაწილეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, მოეწყობა აკაკისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნების პრეზენტაცია; გაიმართება ფილმის ჩვენება.
კონფერენციის გახსნამდე მონაწილეები თსუ პირველი კორპუსის ეზოში ყვავილებით შეამკობენ აკაკი წერეთლის ბიუსტს.
აკაკისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიება.