პატრიარქის ინიციატივას ,,ყოველათა ქართველთა კონგრესის” მოწვევასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ჯგუფები უერთდებიან.
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და წევრები მოხიბლული ვართ და ვიზიარებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას, სვეტიცხოვლობას სრულიად ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ.
ეს იყო ჩვენი დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბატონი რეზო ჩხეიძის დიდი სურვილი, რომლის ინიციატივით და პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩატარდა ქართველთა პირველი კონგრესი. ამ საკითხზე მას ჰქონდა საუბარი პატრიარქთან და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. თავისი სურვილის შესახებ ბატონმა რეზომ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ბოლო მიმართვაში „ეს არის ჩემი თხოვნა, ... იქნებ უკანასკნელიც...“ისაუბრა. დარწმუნებული ვართ, ბატონი რეზო დღეს ბედნიერი იქნებოდა და პირველი გამოხატავდა თავის მხარდაჭერას პატრიარქის ინიციატივის მიმართ.
ხვალ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები დიდ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ პატრიარქის ინიციატივას ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ. უახლოეს დღეებში კი პირადად ვეწვევით პატრიარქს რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი უდიდესი მოწიწებას და პირადად განვუცხადოთ მხარდაჭერა და წარმოვუდგინოთ ჩვენი წინადადებები საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით” , - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დარბაზის დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, ომარ მხეიძე, გივი თოიძე , თემურ გუგუშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, გიგა ბათიაშვილი.
რულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე ქართველი ემიგრანტების აღწერისა და ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ემიგრანტების პრობლემასთან დაკავშირებით პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
აღნიშნულ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.