ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელმა, რომელმაც ბრალდებულები პირადი თავდებობის საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მხარეთა შუამდგომლობებზე განმარტება გააკეთა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ წინასასამართლო სხდომა უპრეცედენტოდ დიდხანს გაგრძელდა.
„სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ უპრეცედენტოდ დიდხანს გაგრძელდა წინასასამართლო სხდომა. სხდომის სამი თვის ვადით გაგრძელება საქმის სირთულემ გამოიწვია. ასევე, მხარეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობების გადაწყვეტის გახანგრძლივების პროცესმა.
ასევე, ვერ გავიზიარებ შეგნებულად სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით პოზიციას. მისაღებია ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები და გარემოებები,რაც საქმის პირველ ეტაპზე არსებობდა. შემცირდა რისკი, რომ ბრალდებულები მართლსაჯულების განხორციელებიას ხელს შეუშლიან“, - განაცხადა დავით ჯუღელმა.
მოსამართლის თქმით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძებად პირადი თავდებობის შეფარდებისთვის, 5 კაცის თავდებობაც საკმარისია.
„დღეს, თუნდაც პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, 5 პარლამენტარის თავდებობაც კი საკმარისი იქნებოდა.
პირადი თავდებობა უფრო მეტი გარანტია იქნება, ვიდრე ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს რწმენით შერჩეული პირადი თავდებები იქნებიან: ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, შალვა შავგულიძე და ირაკლი ჩიქოვანი“,- განმარტა მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები პირადი თავდებობის საფუძველზე სასამართლო სხდომის დარბაზიდან დღეს გაათავისუფლა.
შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი - თითოეულისათვის 10-10 ათასი ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე.
დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან სასამართლოს შეხედულებისამებრ, პირადი თავდებობის გამოყენებას ითხოვდნენ.
„სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღარ არსებობდა რელევანტური საფუძვლები ბრალდებულთა განგრძობად პატიმრობაში დატოვებისათვის.
აღკვეთის ღონისძიების მიზნებისა და ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფა შესაძლებელია პირადი თავდებობის გამოყენებით“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 26 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შემდეგ სხდომაზე პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხება, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.