10-15 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის მესამე საერთაშორისო ფესტივალი "Batumi Music Fest" ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმი 4 დღის მანძილზე მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებს უმასპინძლებს. კონცერტების გარდა დაგეგმილია მასტერკლასები საფორტეპიანო და სავიოლინო განხრით. 14 სექტემბერს ფესტივალი ბათუმის პიაცაზე გალა-კონცერტით დასრულდება.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაშია (EFA) გაწევრიანებული. აღნიშნული ასოციაცია მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 100 ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ფესტივალს აერთიანებს, როგორიცაა ედინბურგის ფესტივალი, BBC-ის ფესტივალი და სხვა. ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის მიმართულებით. იგი ხელს უწყობს საქართველოს დადებითი სახით წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა. მარტის თვეში BBC-ის მუსიკალურ ჟურნალში „MUSIC” სპეციალური სტატია მიეძღვნა ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს.