მიხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ კენჭისყრაზე არ დგება, ეს საკითხი მაინც სესიის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ამ საკითხზე დებატები ხვალ, 28 აპრილს, ტალიავინის დასკვნის განხილვის შემდეგ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთ-საქართველოს საკითხზე რეზოლუციას აღარ მიიღეს.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მომზადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ თავდაპირველად გადაწყდა, რომ მომხსენებლები რეზოლუციის ორ ალტერნატიულ ტექსტს - მათიას იორშისა და დევიდ უილშაიერის მოხსენებებს ცალ-ცალკე განიხილვდნენ.
თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დევიდ უილშაიერის მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩთან ვიზიტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთაშორისო პრინციპები დაარღვია, უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და 25 აპრილს, კვირას ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა დაინიშნა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ დევიდ უილშაიერის სეპარატისტების ე.წ. ელჩთან ვიზიტი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.