დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიმართება. სესიაზე გადაწყდება, რა ფორმატით გააგრძელებს პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე. ამის შესახებ განცხადება პარალმენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, 26 აპრილს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, სესიაზე განიხილება ის საკითხები, რაც წინა სასესიო კვირიდან არის დარჩენილი. წინა სასესიო კვირის პარასკევის დღის წესრიგი შეიცვალა და სესია აღარ ჩატარდა. მიზეზად კი წინასაარჩევნო პროცესი დასახელდა.
პარალმენტის თავმჯდომარის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე სხდომებზე დასწრება მაჟორიტარ დეპუტატებსაც უჭირთ და ოპოზიციასაც, ამიტომ, მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდება.
პარლამენტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება დღევანდელ სესიაზე იქნება მიღებული.
როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, არჩევნებამდე და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მუშაობის შეწყვეტის პრაქტიკა არსებობს და პარლამენტი ერთი თვის განმავლობაში არ მუშაობდა 2006 წელს გამართული თვითმმართველობის არჩევნებზე.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი მუშაობას კანონის თანახმად წყვეტს და სხდომები იმართება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში საგანგებო მოწვევით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კი გადაწყვეტილებას თუ რა ფორმატით იმუშაოს, თავად პარლამენტი იღებს.