თბილისის მერობის კანიდატმა, ~კონსერვატიული პარტიის~ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა და პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ჩუღურეთის რაიონიდან, მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან როინიშვილმა განათლების სფეროში თვაიანთი საარჩევნო პროგრამები წარმოადგინეს. პრეზენტაციაში ~ეროვნული საბჭოს~ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელიც მონაწილეობდა.
ზვიად ძიძიგურის თქმით, დღეს განათლების სისტემა კორუფციაშია ჩაფლული. მისი თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ყველა სასკოლო საგანში სახელმძღვანელოების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
"ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ყველა სასკოლო საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იქნება. სახელმძღვანელოების სრულ კომპლექტს ყველა მოსწავლე, სკოლის ბიბლიოთეკების მეშვეობით, უფასოდ მიიღებს. სასკოლო სახელმძღვანელოებს ქალაქის მერია შეიძენს და საჯარო სკოლებს გადასცემს", _ აცხადებს ძიძიგური.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ოჯახებისთვის, ვინაიდან ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი დაახლოებით 150 ლარი ღირს.
"პროექტის მიხედვით, სახელმძღვანელოებისთვის მერია 23 მილიონ ლარს ოთხ წელიწადში ერთხელ გამოყოფს, რადგან სახელმძღვანელოების ~სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა~ ოთხი წელია", _ აღნიშნა პრეზენტაციაზე თბილისის მერობის კანდიდატმა.
პარლამენტის წევრობის კანდიდატი ლევან როინიშვილი აცხადებს, რომ განათლება უნდა იყოს ხელისუფლების რეალური და არა მოჩვენებითი პრიორიტეტი. მისი თქმით, განათლებაში დღეს ჩადებული ინვესტიცია საქართველოს მშვიდობიან გამარჯვებაში ფულის დაბანდებას ნიშნავს. როინიშვილს გაუმართლებლად მიაჩნია ის, რომ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება პოლიციაზე რამდენიმე ასეული მილიონი ლარით მეტს ხარჯავს, ვიდრე განათლებაზე.
"ეს უსამართლობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. განათლების სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება 240 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს და 760 მილიონი ლარი გახდეს", _ აცხადებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი.
პრეზენტაციაზე მან ყურადრება იმ გარემოებაზედაც გაამახვილა, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, სკოლის ნაცვლად, რეპეტიტორებთან დადიან. ამ ფაქტს მოძრაობის ვიცე-თავმჯდომარე იმით ხსნის, რომ სკოლის სასწავლო პროგრამები არ არის შესაბამისობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებთან.
როინიშვილი აუცილებლად მიიჩნევს უმაღლესი სასწავლებლების რეალური ავტონომიის უზრუნველყოფას და სპეციალური ფონდების შექმნას იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გამოსულ სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
~ეროვნული საბჭოს~ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ განათლების სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო რესურსების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.
"ჩვენ არ დავაფინანსებთ შოუპროექტებს, ნაკლებს დავხარჯავთ პოლიციაზე და იარაღის შეძენაზე. გამოთავისუფლებული თანხა განათლების სფეროში განსახურციელებენ ყველა პროექტს გასწვდება", _ აცხადებს ნოღაიდელი.