"არ არის სასიამოვნო, როცა საქართველოს საკითხი იხილება და რეზოლუციის მიღება იბლოკება, თუმცა უფრო უსიამოვნო იქნებოდა, თუ ამ ფაქტზე თვალს დავხუჭავდით", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
"ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელის დევიდ უილშირმა გადაწყვეტილება პირადად მიიღო. მას შეეძლო სეპარატისტების შეთავაზებაზე უარი ეთქვა. ასე, რომ მარტო ყველაფერს რუსეთს ვერ დავაბრალებთ. სეპარატისტები ადრეც ცდილობდნენ მსგავსი ფორმალური პრობლემის შეექმნას და უცხოელი დიპლომატებს სხვადასხვა ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურებში ეპატიჟებოდნენ, რაზეც ისინი უარს იღებდნენ. სეპარატისტების ე.წ. სახელმწიფო უწყებებში მათი ვიზიტი დიპლომატიურ ეთიკას ეწინააღმდეგება, ამიტომ ვინც ეს ნაბიჯი გადაგა მან თვითონ შექმნა ასეთი უხერხული სიტუაცია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, როდესაც ევროსაბჭოს დიპლომატმა ე.წ. ოსურ საელჩოში მისვლა გადაწყვიტა პრევენცია მაშინ უნდა მომხდარიყო.
"ვფიქრობ, ჩვენი ამ ნაბიჯის გათვალისწინებით ეს მომავლისთვის პრევენცია იქნება, რომ ასეთი რამე სხვა დიპლომატებმა არ გაიმეორონ", - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთ-საქართველოს საკითხზე რეზოლუციას აღარ მიიღებენ.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მომზადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ თავდაპირველად გადაწყდა, რომ მომხსენებლები რეზოლუციის ორ ალტერნატიულ ტექსტს - მათიას იორშისა და დევიდ უილშირის მოხსენებებს ცალ-ცალკე განიხილვდნენ.
თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დევიდ უილშირის მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩთან ვიზიტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთაშორისო პრინციპები დაარღვია, უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და 25 აპრილს, კვირას ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა დაინიშნა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ დევიდ უილშირის სეპარატისტების ე.წ. ელჩთან ვიზიტი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.