იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატებად არიან დასახელებულნი, მათ უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა. როგორც იგი აღნიშნავს, ორივე პოლიტიკური თანამდებობის პირია, ამასთან არჩეულნი და ამიტომ არჩევნების შედეგების ძალაში შესვლამდე თანამდებობიდან ვერ გადადგებიან.
"ეს ის შემთხვევაა რაც ხდება პარლამენტთან დაკავშირებით" - აცხადებს პავლე კუბლაშვილი და განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ხელმეორედ ისე იყრის კენჭს რომ უფლებამოსილებას არ იხსნის და მხოლოდ ახალი არჩევნების შემდეგ განისაზღვრება ვინ იქნება ახალი მაჟორიტარი.
კუბლაშვილის განმარტებით, ასევე მოხდება მერის შემთხვევაშიც და არჩევნების შემდეგ განისაზღვრება ვინ იექნება ახალი მერი. მანამდე კი მერის უფლებამოსილებას ისევ უგულავა შეასრულებს.
მისი თქმით, აღნიშნული პრინციპი განხორციელდება საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებაშიც. რაც შეეხება იმ საკითხს თუ როგორ შეათავსებს მერობის კანდიდატი ფუნქციებს და მოვალეობებს მერობასთან და მოხდება თუ არა ამ შემთხვევაში უგულავას მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან აგიტაცია და სახელმწიფო ფუნქცია ერთმანეთში არ იქნება არეული. ამის გარანტიად კი იმას ასახელებს, რომ წინასაარჩევნო პროცესზე ხორციელდება მონიტორინგი და იმეოდვნებს, რომ კანონდარღვევა არავის მხრიდან არ იქნება.