პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "ალიანსი საქართველოსთვის" მოთხოვნას პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით სერიოზულად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებში ახალი არაფერია. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს, პარლამენტში "ალიანსის" მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსმა" დღეს გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი 13 მარტს "იმედის" ეთერით გასული სიუჟეტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული, რითაც დარღვია სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია. აღნიშნულის საფუძველზე კი "ალიანსი" პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისაკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან არ იცის რის საფუძველზე გაკეთდა აღნიშნული განცხადება, ვინაიდან არანაირი მასალა არ გააჩნია გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ.
"ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნები ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, როგორიც არის არჩევნები" - აცხადებს დავით ბაქრაძე.