ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთიდან უკრაინაში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, ვიცე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კიევში დაგეგმილ ევროპა-უკრაინის მე-4 ფორუმზე, რომელზეც, როგორც უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონალური განვითარების თემები განიხილება.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ ბალაჩი, ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ანგელ როსადა ტორეს-ქუევედო და ევროპის ქვეყნების მთავრობების სხვა წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ ეს უკრაინაში გიორგი ბარამიძის პირველი ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის უმაღლესი რადის ევროინტეგრაციის თავმჯდომარესთან ბორის ტარასუკთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სერგეი ლიოვოჩკინთან და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
ასევე დაგეგმილია ინტერვიუები ჟურნალისტებთან. Gგიორგი ბარამიძე მონაწილეობას მიიღებს ფორუმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაში.