საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ივან იესტრჟაბი მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა მიმდინარე წლის 12-13 აპრილს, ვაშინგტონში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იან ფიშერის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომლის დროსაც ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები; ეკონომიკის, კულტურისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.