ცაგერის რაიონში საოლქო საარჩევნო კომისიაში "მრეწველების" და "ჩვენ თვითონ"-ის ქვოტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აკომპლექტებენ.
ამის შესახებ განცხადება ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებით, ცაგერში პარტიებს შორის ფარული გარიგებები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კომისიაში აღნიშნული პარტიების ქვოტების მმართველი გუნდის მიერ დაკავებაა.
კოპალიანის მტკიცებით, იგი პირადად ესაუბრა "მრეწველების" ლიდერს გოგი თოფაძეს და პარტია "ჩვენ თვითონ"-ის ლიდერს პაატა დავითაიას და შესთავაზა, რომ კომისიაში კადრებთან დაკავშირებით საკითხს კოორდინაციას გაუწევდა, რაზეც მათგან თანხმობაც მიიღო. თუმცა მათი მხრიდან დაპირება მხოლოდ დაპირებად დარჩა.
"არჩევნები ცაგერის რაიონში უკვე გაყალბებულია. არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლება უკვე აქტიურად მუშაობს და როდესაც, ეს ხდება საარჩევნო ოლქებში წარმომიდგენია საარჩევნო უბნებში რა იქნება", - აღნიშნა კოპალიანმა.