"ალიანსი საქართველოსთვის" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელის, გიორგი არველაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრას გეგმავს. ამის შესახებ "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგების მიხედვით იკვეთება მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი არველაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. უსუფაშვილის განმარტებით, ამ უკანასკნელებმა სისხლის სამართლის შემდეგი მუხლები დაარღვიეს: 154 მუხლი - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა; 219 - მომხმარებლის მოტყუება; 190 - სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა; 337 - სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა; 270 - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; 323 - ტერორისტული აქტი (მოსახლეობის დაშინება, ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითი გავლენის მოხდენა).
გარდა ამისა, უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე და 24-ე მუხლებიც დაარღვია, ჩაერია რა "იმედის" ჟურნალისტების შემოქმედებით პროცესში. უსუფაშვილის განცხადებით, ამ ფაქტის გამო ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.
უსუფაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ აღნიშნული ბრალდებები, მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩეს და რეალური ქმედებები მოჰყვეს საჭიროა რომ, "ალიანსმა" და თემატიკით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემდეგი ნაბიჯები გადადგან: უნდა დაიწყოს ახალი საქმის წარმოება კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში; უნდა შევიდეს შესაბამისი საჩივარი საქართველოს პროკურატურაში; აღნიშნულ საქმეს უნდა მოჰყვეს საქართველოს პარლამენტის რეაქცია და საქმე უნდა აღიძრას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
დღევანდელ შეხვედრაზე 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია "იმედში" გასულ "მოდელირებულ ქრონიკაზე" საქართველოს მოქალაქეების განცხადებაც გავრცელდა, რომელზეც ხელის მოწერა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.
"ჩვენ, ხელის მომწერნი საქართველოს მოქალაქეები ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სააკაშვილმა და ამ გადაცემის სხვა შემოქმედებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამ მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად და სამართლებრივი პროცედურების შესასრულებლად ჩვენს რწმუნებას ვაძლევთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენად შერჩეულ ადვოკატს, დავით ებრალიძეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ალიასნმა" ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 15 მარტს, ინტერნეტში გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარი, რომელშიც სავარაუდოდ ერთმანეთს "იმედის" ხელმძღვანელი გიორგი არველაძე და მისი თანამშრომელი ეკა წამალაშვილი ესაუბრებიან, ნამდვილია.