გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შესწავლის შედეგად ბრიტანელმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საუბარი ნამდვილია. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", სადაც აღნიშნული ექსპერტიზის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, "ალიანსის" ლიდერებმა განაცხადეს. პრეზენტაციას, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები: ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი, მანანა ნაჭყებია, ფიქრია ჩიხრაძე და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, „ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა ჩანაწერის ექსპერტიზისთვის მიმართეს ამ სფეროში მათი თქმით, საერთაშორისო აღიარების მქონე ბრიტანულ კომპანია "ჯი-პი-დაბლიუ"-ს („GPW & CO Ltd"; www.gpwltd.com) რომელმაც გამოიკვლია ჩანაწერი ტექნიკური ანალიზისა და სასამართლო ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით. აღნიშნული ექსპერტიზის შედეგები საზოგადოებას "ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააცნო.
გამყრელიძის განცხადებით, ექპერტიზის შედეგად დგინდება, რომ სატელეფონო საუბარი ავთენტურია, ანუ საუბარი ნამდვილად შედგა და იგი მაყურებელმა ყოველგვარი მონტაჟის გარეშე მოისმინა.
"ეს არის ნამდვილი საუბრის ჩანაწერი, შესაძლოა რამდენიმე ადგილას სახეცვლილი, მაგრამ არა ჩამატებებით ან რედაქტირებით... იმის განცხადება, რომ ეს ფაბრიკაციაა, როგორც ამას არველაძე და წამალაშვილი ამტკიცებენ, ექსპერტების ღიმილს იწვევს. სავსებით ცხადია, არაექსპერტებისთვისაც კი, რომ ეს ჩანაწერი ჭეშმარიტია და არავითარ მონტაჟს ან სიმულაციას ადგილი არ ჰქონია. მართალია, ზოგიერთი ადგილი შესაძლოა ამოჭრილი იყოს, მაგრამ ჩანართების და დამატებების არანაირი კვალი არ არსებობს. ზოგადი ლექსიკური კავშირები ერთ საუბართან თავსებადია და შედეგად გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ჩანაწერი მონტაჟია. ლექსიკური კავშირები საუბრის განმავლობაში საკმარისად მყარია, რათა დავასკვნათ, რომ ეს ერთი საუბარია და არა სხვადასხვა საუბრების მონტაჟი" ", - ნათქვამია ბრიტანელი ექსპერტების დასკვნაში, რომელიც დამსწრე საზოგადოებას დავით გამყრელიძემ გააცნო.
13 მარტს ტელეკომპანია „იმედში" გასული მოდელირებული „ქრონიკა", რომელსაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა, "ალიანსის" მიერ შეფასდა როგორც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარყოფდნენ კავშირს ამ გადაცემის მომზადებასა და ეთერში გაშვებასთან. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ტელეკომპანია „იმედის" გენერალურ დირექტორს - გიორგი არველაძესა და ამავე ტელეკომპანიის პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელს - ეკა წამალაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელმაც საზოგადოებაში არსებული ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. მით უმეტეს, რომ გიორგი არველაძე ხელისუფლებასთან ძალზე დაახლოებული პირია. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ხელისუფლებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარა და ის იყო სხვადასხვა დროს არველაძესა და წამალაშვილს შორის შემდგარი საუბრების ფაბრიკაციის შედეგი, რომელშიც ისინი რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ხედავდნენ. როგორც ხედავთ, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩანაწერი ნამდვილია", - დავით გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძის თქმით, ექსპერტებმა შეისწავლეს ჩანაწერის ტექნიკური მხარე და დაასკვნეს, რომ თითოეული მოსაუბრე ჩაწერილია ცალკეულ არხზე. ეს და სხვა ტექნიკური ფაქტორები მკაფიოდ მიუთითებენ, რომ ჩანაწერი ძირითად სატელეფონო სადგურში, თბილისში გაკეთდა.
2010 წლის 15 მარტს, ვებ-საიტ www.copoka.net -ზე განთავსდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ერთმანეთს ესაუბრებიან ტელეკომპანია „იმედი"-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არველაძე და ამავე კომპანიის პოლიტიკური პროგრამების უფროსი ეკა წამალაშვილი. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2010 წლის 13 მარტის მოდელირებული „ქრონიკის" მომზადებასა და ეთერში გაშვებაშის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ იცოდა.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურას დღემდე არ დაუწყია ამ საქმის გამოძიება.