საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, კიევში ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს 2015-2018 წლებში ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების განხორციელების გზით.
თანამშრომლობის ფარგლებში გააქტიურდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, ლიტერატურის, სამუზეუმო საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
დოკუმენტს ხელის აწერენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და უკრაინის ვიცე-პრემიერი - კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „ზეციური ასეულის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოსა და უკრაინის კულტურის სამინისტროების ხელშეწყობით, ორივე ქვეყნის შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში, მასშტაბურ ღონისძიებებში, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარდება. მხარეები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) მონაწილეობასთან დაკავშირებით.
თანამშრომლობის დოკუმენტი 2017 წელს, საქართველოში უკრაინის კულტურის დღეების ჩატარებას ითვალისწინებს, 2018 წელს კი საქართველოს კულტურის დღეების მასპინძელი უკრაინა იქნება.