თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, პოეტ გენო კალანდიას 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილმა პოეტს იუბილე მიულოცა და მის შემოქმედებას ქართულ-აფხაზური ძმობის ხიდი უწოდა.
„ყველასათვის საყვარელ და გამორჩეულ პოეტს - გენო კალანდიას ვულოცავ იუბილეს. 75 წელი - ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი თავის შემოქმედებას აჯამებს, მაგრამ არ ასრულებს. პოეტს კიდევ ბევრი რამ აქვს შესაქმნელი.
გენო კალანდიას შემოქმედება შემაერთებელი ხიდია ადამიანების გულებს შორის. ის იმ ძმობის და დიდი ურთიერთობების გამოვლინება და დასტურია, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს. ჩვენს შორის შუამავალი მისი პოეტური შემოქმედება იქნება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, გენო კალანდიას იუბილე მიულოცეს: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რეზო ამაშუკელმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, მურმან ჯინორიამ, გოგი ქავთარაძემ, დიმა ჯაიანმა და სხვა გამოჩენილმა მწერლებმა და მსახიობებმა.
საიუბილეო საღამოს, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.