9 ივნისს, 19.00 საათზე, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება წარმოდგენა „მთვარის მოტაცება - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მემკვიდრეობითობა”. ღონისძიება ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის დაბადების 90 წლის იუბილეს ეძღვნება და ხაზს უსვამს სამი ქართველი ხელოვანის - კონსტანტინე გამსახურდიას, ოთარ თაქთაქიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის კავშირს აფხაზეთთან.
ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ორკესტრი, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ანსამბლი „რუსთავი“, სოლისტები - მაყვალა ქასრაშვილი, ირინე შერაზადიშვილი, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ალუდა თოდუა, ირინე ალექსიძე, ლევან მაკარიძე, კონცერტმაისტერი - დარეჯან მახაშვილი.
ნაწყვეტებს კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან წაიკითხავენ დიმიტრი ჯაიანი და ელდინო საღარაძე, ოპერის ლიტერატურული მასალის, მონაწილეების, ხალხურ მუსიკასთან კავშირისა და ოპერის დადგმის შესახებ ისაუბრებენ თამარ წულუკიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გიზო ჟორდანია.
საღამოს ორგანიზატორია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად.