„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს - მიხეილ ჩინჩალაძეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ვალერი ცერცვაძეს მიმართავს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ვალდებულები არიან სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.
,,მიმდინარე წლის 4 ივნისს მოსამართლეთა შეხვედრაზე, თქვენს მიერ საჯაროდ გაკეთდა განცხადება სასამართლო სისტემაში კორუფციის ნიშნების არსებობის შესახებ, რაც სრულიად ადეკვატურად, შეხვედრაზე მყოფ სააგენტოების ყურადღების ცენტრში მოექცა და გაშუქდა მედიის მიერ. დაუშვებელია, ეს საგანგაშო ინფორმაცია დარჩეს ყურადღების მიღმა. ამასთან, კონკრეტული ფაქტების დასახელებამდე თითოეული ჩვენგანის ავტორიტეტი და კეთილსინდისიერება დგება ეჭვქვეშ. სასამართლოში კორუფციის არარსებობა ის ფასეული მონაპოვარია, რასაც სასამართლო სისტემამ მიაღწია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის არა მხოლოდ როგორც მოსამართლის, არამედ, მოქალაქის მოვალეობაა. თქვენ, როგორც სისტემაში მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირები, ყველაზე მეტად ხართ ვალდებული, დროული და სათანადო რეაგირება გააკეთოთ ამ ფაქტებზე, ისევე როგორც ყველაზე მეტად გაკისრიათ ვალდებულება, დაიცვათ სასამართლოს ღირსება და ავტორიტეტი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობის მაღალი ინტერესით გამოწვეული ვალდებულებაა მოსამართლეთა, განსაკუთრებით მაღალი ადმინისტრაციული პოზიციების მატარებელ პირთა მხრიდან, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შესამცირებლად გამიზნული დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება. ამგვარი განცხადებები შეურაცხმყოფელი და მიუღებელია თითოეული მოსამართლისთვის. მოგიწოდებთ, იმოქმედოთ კანონმდებლობის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გახადოთ ხელმისაწვდომი თქვენს ხელთ არსებული ყველა ფაქტი და მტკიცებულება, რათა მოხდეს მათზე დროული რეაგირება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აღქმული იქნება, რომ თქვენს მიერ გახმოვანებული განცხადება ემსახურებოდა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო გახსნილ დისკუსიებზე თქვენთვის მიუღებელი მოსაზრებების გადაფარვას და ყურადღების სხვა მიმართულებით კონცენტრირებას, რაც ვალდებულებას გძენთ ბოდიში მოიხადოთ მოსამართლეების წინაშე და აცნობოთ საზოგადოებას, თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის უზუსტობის შესახებ” - აცხადებენ მოსამართლეები.
4 ივნისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მოსამართლეთა კორპუსთან შეხვედრაზე, მისმა მოადგილემ მიხეილ ჩინჩალაძემ სასამართლოში კორუფლიის საფრთხეების არსებობაზე ისაუბრა, რასაც დამსწრეთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ნინო გვენეტაძემ კი მას კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა, რაზეც ჩინჩალაძემ თავი შეიკავა.
შეხვედრის შემდეგ, გვენეტაძის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურორი არ არის და შესაბამისად, კონკრეტულ ფაქტებს ვერ დაასახელებს. ზოგადად კი, მისი ინფორმაციით, კორუფციის საფრთხეები თბილისშიც არის და რეგიონებშიც.
"გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები და ნიშნები, რომლებიც მიუთუითებენ, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალაინ მაღალია. თბილისშიც და რეგიონებშიც. აქამდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაციის საშუალება, გარდა საჯარო შეხვედრისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოადგილე ვარ, არ მქონია", - დასძინა ჩინჩალაძემ.