შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც 1918-1921 წლებში შვედეთში საქართველოს რესპუბლიკის პირველი საელჩოს საქმიანობას და შვედეთსა და სკანდინავიაში საქართველოს ელჩების მიხაკო წერეთლის, არისტო ჭუმბაძისა და აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობას ეხება.
გამოფენა საზეიმოდ გახსნა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.
გახსნას ესწრებოდნენ შვედი პარლამენტარები, გავლენიანი შვედური კვლევითი ცენტრების ექსპერტები, შვედეთის ატლანტიკური საბჭოს წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. გამოფენა პირველი რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობას, მიმოწერას, ასევე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ახლადშექმნილი რესპუბლიკის გარშემო არსებულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას ასახავს. მასალების ნაწილი, კერძოდ, საქართველოს პირველ დიპლომატიურ მისიასა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერა, საელჩომ შვედეთის არქივებში მოიძია, ხოლო, პირველი ქართველი ელჩების იმდროინდელი კორესპონდენცია საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საელჩოს საქართველოს სახელმწიფო არქივმა მიაწოდა.
მასალების მოძიებასა და გამოფენის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა, შვედეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა ანუკი სტურუამ, გივი მჭედლიშვილმა, ლერი ხუფენიამ, ასევე, „ევროპული სკოლის“ მოსწავლემ ელენე ქავთარაძემ.