ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ოლიმპიადის ჩასატარებლად ყველა სამუშაო მაღალი ხარისხით მოესწრო.
ახვლედიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ტალახის სროლა საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ გააქტიურდა, რადგან აქამდე ყველას ჰქონდა იმედი, რომ სამუშაოები ვერ მოესწრებოდა.
,,მართლაც შეუძლებელი შეძლო საორგანიზაციო კომიტეტმა და რომ დაინახეს, რომ ყველაფერი მოესწრო და არაფერი უდგას წინ არამცთუ ჩატარებას, არამედ მაღალი ხარისხით ჩატარებას, ერთადერთი დარჩათ, რომ ზემოქმედება განახორციელონ საორგანიზაციო კომიტეტზე", - აცხადებს ახვლედიანი.
მისივე თქმით, იშვიათია საქართველოში ორგანიზაცია, სადაც ასეთი უმკაცრესი კონტროლი იყოს თითოეულ ხელშეკრულებასა და თითოეულ დანახარჯ თანხაზე, ასევე, კანონის სრული დაცვით არის განხორციელებული, გამარტივებული წესით, ყველა შესყიდვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეისწავლა ფესტივალთან დაკავშირებული მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა უმეტესობა 2011 წელს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილმა საორგანიზაციო კომიტეტმა განახორციელა. საორგანიზაციო კომიტეტმა ჯამში 700-ზე მეტი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" აღნიშნავენ, კვლევისას რამდენიმე პრობლემა და საეჭვო გარემოება გამოიკვეთა. კერძოდ: ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი გამარტივებული შესყიდვების და არა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელდა, რაც სახელმწიფოს თანხების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემდა, ასევე, საქართველო რომ ამ ფესტივალს უმასპინძლებდა, ჯერ კიდევ 2010 წლის ბოლოდან იყო ცნობილი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ მოხდა მსხვილი შესყიდვების განხორციელება კონკურენტული ტენდერების გზით. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ "უკეთესი დაგეგმვისა და შესყიდვების კონკურენტული ტენდერების მეშვეობით განხორციელების პირობებში, შესაძლოა, არ დამდგარიყო დამატებითი ფინანსების მოზიდვის საჭიროება. ამგვარად, ფონდი "ქართუს" მიერ ოლიმპიური ფესტივალის პროექტებისთვის 10 მლნ ლარის გამოყოფა შესაძლოა საჭირო არც გამხდარიყო".