2015 წლის 3 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს განათლებაზე, კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობასა და გარემოს დაცვაზე მომხსენებელი ჯგუფის (GR-C) 26 მაისის გადაწყვეტილება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის ევროპული დიპლომის გადაცემის შესახებ.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, და სამი ბუნების ძეგლი: ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი, ალაზნის ჭალის ტყე და არწივის ხეობა) ევროპული დიპლომის კანდიდატად წარდგენა მოხდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, 2014 წლის დასაწყისში.
აღნიშნული დიპლომი 5 წლის ვადით გადაეცემა ევროპაში დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც გამოირჩევიან სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ბუნების საუკეთესო კონსერვაციის მაგალითს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპული დიპლომი ევროპული გამოცდილების მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში ნაკრძალების დაცულობის ხარისხის მატებას, მათ საერთაშორისო დონეზე აღიარებასა და პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ევროპული დიპლომი ევროპული ქვეყნების 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული.