საქართველოსა და ბოლივიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო - ბოლივიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ბოლივიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში.
შეხვედრისას ბოლივიის მხარემ დააფიქსირა თავისი ურყევი პოზიცია საერთაშორისო სამართლის უმთავრესი ნორმებისადმი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უზენაესობას ითვალისწინებს.
კონსულტაციებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობდა. ბოლივიის მხრიდანაც კონსულტაციებში მინისტრის მოადგილე მონიკა სორიანო ლოპესმა მიიღო მონაწილეობა.