რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას არ შეიძლება ,,გადატვირთვა” ეწოდოს.
ამის შესახებ მან ტელეარხ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
,,გადატვირთვა ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მოიგონა, ის ჩვენი გამოგონილი არ არის. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა ჯორჯ ბუშ-უმცროსთან, მაგრამ ეს პრაქტიკულ თანამშრომლობაზე არ აისახებოდა.” - აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ახლაც საუბრობს ტელეფონით და იმ საკითხებში, რაშიც მათი ინტერესები ემთხვევა, თანამშრომლობენ კიდეც.
,,მე არ შემიძლია, ამას ,,ახალი გადატვირთვა” დავარქვა, უფრო, ვიტყოდი, რომ ეს არის ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება”, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის კონტაქტი პრაგმატულ ხასიათს ატარებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს, თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის იყენებს და ისინი მზად არიან, სანქციების პირობებში დიდხანს გაძლონ.