კონსტანტინე გამნსახურდიას სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „მილიონრები“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც „ახმეტელის თეატრში“ 4-5 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია, რომლის ავტორი და რეჟისორიც დათო საყვარელიძეა.
სპექტაკლში მონაწილეობას ღებულობენ სოხუმის თეატრის დასის მსახიობები: ბადრი ბეგალიშვილი, მარინა სოლომონია, პაატა ვახტანგიშვილი, ვერიკო კალანდია, ნიკა წერედიანი, დათო ბერაძე, ბესო ქარჩავა, ჯულიეტა პაკელიანი, ლონდა კაცია, ლიანა მიქაშავიძე, ნინო შავგულიძე, სანათა ძაძამია, ნუგზარ წერედიანი, იუკა ვასაძე, ედემ ხვიჩია, ლელა შარაბიძე და იზოლდა ბოკუჩავა
„არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს. განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არ აქვს. ყვებიან უშუალოდ, იუმორით, ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიც ხშირად ძალიან ამაღელვებელია. სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა. ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთულეს პერიოდს.დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენ გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად? “ვცხოვრობდით მილიონრებივითო” - ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს.
სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის“, - განაცხადა რეჟისორმა.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით დაიდგა, რომლის ქორეგრაფიაც ეკა არჩიას ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულია გახლავთ.