ხვალ, 1 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვი სამინისტროს მხარდაჭერით, ნიქოზში (საკათედრო ტაძარში) გაიხსნება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი - „ნიქოზი 2015". ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
„ნიქოზი 2015“-ში მონაწილეობს 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრებიან ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის პარალელურად გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.
„ნიქოზი 2015“-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა; ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.