შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს საქართველოს პოლიცია თავდადებით ემსახურება თავის ხალხს და ძალღონეს არ იშურებს კრიმინალის დასამარცხებლად. როგორც მინისტრმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად დაისჯებიან.
„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას ვიცავთ და სწორედ ამიტომ, ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ დღევანდელობის მონაპოვარია, რომ პოლიცელები თავის მოვალეობას მაღალი პროფესიონალური სტანდარტებით ახორციელებენ და დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი მოქალქეების ღირსების შელახვის გარეშე მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს. დღეს საქართველოს პოლიცია თავდადებით ემსახურება თავის ხალხს და ძალღონეს არ იშურებს, კრიმინალი დაამარცხოს”, - განაცხადა გომელაურმა და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელები გაიხსენა.
,,მათი ხსოვნა მარადიულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ოჯახები და დარჩენილი ოჯახის წევრები არ დარჩნენ მზრუნველობისა და მხარდაჭერის გარეშე, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ ნათელი და ბედნიერი მომავალი, ჰქონდეთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ მათი მამები", - აღნიშნა მინისტრმა.