ბათუმში პირველად ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება. „იგრძენი ბათუმის გულისცემა“ - პროექტი ევროპის კომისიის „ერასმუს+-ის“ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.
„იგრძენი ბათუმის გულის ცემა“ ( Feel the Beat of Batumi)) არის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც იმართება ევროპის კომისიის „ერასმუს+-ის“ პროგრამის ფარგლებში და მასში საქართველოსთან ერთად 36 უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს. პროექტში ჩართულია ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. უცხოელ მონაწილეებს საქართველოდან 160 მუსიკოსი შეუერთდება, რომლებიც წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით შეირჩნენ. პროექტის მიზანია: ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არტისტების დამეგობრება, საქართველოსა და მოწვეულ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და საერთო კულტურული პროგრამების ორგანიზება. ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას და ფესტივალს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ და კომპანია EREDELI’s Art .
კონცერტების გასამართად ბათუმში მოეწყობა 5 (ხუთი) სცენა: ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პიაცაზე, ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძის გამზირზე კინოთეატრ „აპოლოსთან“, საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში. კონცერტები გაიმართება ღია ცის ქვეშ. დასწრება თავისუფალია.