"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" დანარჩენ ოპოზიციას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის მათეული სქემის მხარდაჭერისკენ მოუწოდებეს. ამის შესახებ "რესპუბლიკელების" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, 24 აპრილიდან, იმართება საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და იწყება კომისიების მდივნების არჩევა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების არჩევის უფლება აქვს ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს საკუთარი შემადგენლობიდან. თუ ამ წესით ვერ მოხერხდა მდივნების არჩევა, მაშინ გადაწყვეტილებას იღებენ საუბნო კომისიები, სადაც უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას გარანტირებული უმრავლესობა აქვს.
"ვინაიდან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რესპუბლიკურმა პარტიამ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას შესთავაზა კომისიის მდივნების არჩევის სამართლიანი და დაბალანსებული სქემა, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესში ხელისუფლების ჩარევას და ყოველი ოპოზიციური პარტიისათვის უზრუნველყოფს კომისიების საერთო რაოდენობის ერთ მეექვსედში მდივნების ყოლას", - განაცხადა უსუფაშვილმა.
"რესპუბლიკელები" იმედს გამოთქვამენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების არჩევის პროცესში ყველა ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილებებს მიიღებს სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ინტერესებიდან და არა როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, "ვიწროპარტიული ან სახელისუფლებო ინტერესებიდან გამომდინარე".