უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ვალენტინ ნალივაიჩენკო აცხადებს, რომ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტულ და ტერორისტულ ორგანიზაციებს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწეები ხელმძღვანელობენ.
ამის შესახებ მან ,,დემოკრატიული ღირებულებებისა და სპეცსამსახურების საქმიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის” საკითხებზე გამართულ მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
,,დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოქმედი სეპარატისტული და ტერორისტული ორგანიზაციების მართვას, კოორდინირებას და ფინანსებით უზრუნველყოფას რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს და ამ ქმედებას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეები პირადად ხელმძღვანელობენ.
ერთი დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების ტერორისტულ და სეპარატისტულ ჯგუფებს კურირებს და მართავს, მეორე - ოდესისა და ხარკოვის დაჯგუფებებს ხელმძღვანელობს.” - განაცხადა ნალივაიჩენკომ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ტერაქტების, დივერსიებისა და ინფრასტრუქტურების განადგურების მიზნით უკრაინაში სპეციალურად გაწვრთნილ აგენტებს აგზავნიან.