საქართველოში საგანგებო პროკურორის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება და მისი მთავარი ფუნქცია მთავარ პროკურორზე ზედამხედველობა იქნება. აღნიშნულს "პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
ცვლილებებით, მთავარი პროკურორის მიერ ჩადენილ დანაშაულს საგანგებო პროკურორი (ad hoc) შეისწავლის, მომზადება დასკვნა და მისი საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენა მოხდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული იმ ორგანომ ან პირმა გამოიძიოს, რომელიც მთავარ პროკურორს არ ექვემდებარება და მისი ზეგავლენისგან თავისუფალია. შესაბამისად, მთავარ პროკურორთან მიმართებაში აუცილებელია, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა. ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებულია ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, შვეიცარია.
კანონპროექტის თანახმად, საგანგებო პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე - ის თანამდებობაზე ინიშნება და უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით.
საგანგებო პროკურორი უფლებამოსილი იქნება ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, რომელსაც დანაშაულის შესახებ ცნობების დადასტურება ან უარყოფა შეუძლია, გამოითხოვოს საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალები. სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან, საგანგებო პროკურორს, მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში, გადასცენ საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო ინფორმაცია და მასალები. გარდა ამისა, საგანგებო პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მოითხოვოს სისხლის სამართალწარმოების მასალების გაცნობა, თუ საქმე სამართლწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულს ეხება.
ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია საგანგებო პროკურორად შერჩევის კრიტერიუმები - საგანგებო პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი ან ყოფილი გამომძიებელი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან გამომძიებლად მუშაობის არა ნაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. კანდიდატი, მისი ზნეობრივი და პროფესიული თვისებების გამო, მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
პროკურატურა კვლავ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში რჩება, თუმცა მასში სისტემური ცვლილებების განხორციელება იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.