ზალდასტანიშვილების საფლავების დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არ იცის რა არის დაზიანებული, მაგრამ ვარაუდობს რომ გამოძიება დაიწყება.
ბაბუშერას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაღუპული მებრძოლების, ზალდასტანიშვილების საფლავის ძმათა სასაფლაოზე დარბევის შესახებ ინფორმაცია, ,,ინტერპრესნიუსმა” მებრძოლების დედის განცხადებაზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა.
"საფლავზე ყოველდღე ავდივარ, მათ შორის, გუშინ ვიყავი და ცოცხალი ყვავილები ქოთნით ჩავრგე, რაშიც ჩემი შვილების მეგობრები დამეხმარნენ. დილით ავედი და საფლავი ფეხით გათელილი დამხვდა. ქოთნები კი ამოყრილი. ირგვლივ ყველაფერი მიმოფანტული იყო. ჩემს გარდა სასაფლაოზე ორი შაოსანი დედა იყო, რომლებიც დალაგებაში დამეხმარნენ. შემდეგ გამოვუძახე პოლიციას. ეს რა ქართველობაა?! მით უმეტეს არც მე და არც ჩემს ბიჭებს სიცოცხლის განმავლობაში სიკეთის მეტი არაფერი გვიკეთებია", - განაცხადა ბელა ზალდასტანიშვილმა. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ადგილზე კრიმინალურმა პოლიციამ იმუშავა.
ბელა ზალდასტანიშვილის ორი შვილი და ორი ძმა ბაბუშერას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. იდენტიფიცირების შდმეგ ისინი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.