საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, რუსეთის სახალხო არტისტთან და პოპულარულ მომღერალ ალა პუგაჩოვასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და 17 წლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა ის თბილისს მესამედ ეწვიოს.
,,ამჟამად მოლაპარაკებბებს მის წარმომადგენელთან, ბორის კრასნოვთან ვაწარმოებთ. ძალიან გაგვიხარდება, თუ შეთანხმება შედგება. ალა პუგაჩოვას კონცერტი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.” - აღნიშნა ოქიტაშვილმა.
საქართველოს დედაქალაქში პირველი კონცერტი პუგაჩოვამ 1979 წელს გამართა და როგორც თავად იხსენებს, პუბლიკამ ის ძალიან თბილად მიიღო.
მეორედ და უკანასკნელად ალა თბილისში გასტროლებზე 1998 წელს იმყოფებოდა.
მისი ჩამოსვლა 2009 წელსაც იყო დაგეგმილი, მაგრამ 6 წლის წინ თბილისში პუგაჩოვას კონცერტი, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ შედგა.
თუ მასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ალა პუგაჩოვა საქართველოში მეუღლესთან, პაროდისტ მაქსიმ გალკინთან ერთად ჩამოვა.