დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პლენარული სხდომის არგამართვას აპროტესტებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველს ანგარიშს უკავშირებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატმა დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა უნდა მომხდარიყო, თუმცა მისი თქმით, იმის გამო რომ ანგარიში არაობიექტური და სამარცხვინოა ამ ეტაპზე ხელისუფლებამ სხდომების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ბარათურია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სესიის დღის წესრიგში, არც სამშაბათის სხდომაზე და არც დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა არ იყო გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ სესიის დღის წესრიგს ამტკიცებს ბიურო, რომელიც ყოველ ორშაბათს იმართება. ორშაბათის ბიუროს სხდომაზე კი აღნიშნული საკითხი არ განხილულა. მიუხედავად ამისა, ბაღათურია, მაინც ამტკიცებს, რომ სესიის არგამართვა სწორედ სახალხო დამცევლის ანგარიშს უკავშირდება. ამასთან, ჯონდი ბაღათურია პარლამეტის ხელმძღვანელობის არგუმენტს, რომ აღარ არის განსახილველი საკითხები, სიცრუედ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი საკანონმდებლო პროექტების განხილვაც კი არ დაწყებულა.
"ჩემს მიერ რეგისტრირებული პროექტების იმღებას 100 ათასობით მოქალაქე ელოდება, თუმცა განხილვები არ დაწყებულა. ესენი კი სხდომების გადადების მიზეზად პროექტების არარსებობას ასახელებენ, რაც სრული სიცრუეა", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ განსახილველი საკანონმდებლო საკითხების არარსებობის გამო და ასევე იმის გამო, რომ დაწყებულია წინასაარჩევნო პროცესი, დღევანდელი სხდომა აღარ გაიმართებოდა. რაც შეეხება მორიგი პლენარული სხდომს გამართვის თარიღს, ის ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.