სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, თავად განსაზღვრონ, ვინ იქნება დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნულს ითვალისწინებს "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მოამზადა და უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული.
კანონპროექტი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორის არჩევის უფლებამოსილებას სამეცნიერო საბჭოს ანიჭებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, დირექტორი ღია კონკურსის წესით, დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით – ხუთი წლის ვადით აირჩევა. დირექტორად არჩეულ პირს კი, თანამდებობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი ნიშნავს. ამასთან, პროექტის მიხედვით, დირექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც არა აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
შეგახსენებთ, დირექტორის არჩევითობის პრინციპი 2011 წელს გაუქმდა და დაწესებულების დირექტორის დანიშვნის უფლებამოსილება, პრემიერთან შეთანხმებით, სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს მიეცა.