ბუდპეშტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება გაიმართა. საზეიმო ღნისძიებას ესწრებოდნენ უნგრელი პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.
მიღება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის მიღწევებსა და მისწრაფებებზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა უნგრეთის სახელმწიფოს მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
ოფიციალურ მიღებაზე უნგრულმა ვოკალურმა ანსამბლმა „Ars Nova Sacra” პროფესორ დენეშ რეპაშის ხელმძღვანელობით შეასრულა როგორც უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები, ასევე ქართული საგალობლები, ქართველი და უნგრელი კომპოზიტორების (ზ. ფალიაშვილის, რ. ლაღიძის, თ. ნაცვლიშვილის, ზ. კოდალის) ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ქართული სიმღერების ტექსტები უნგრულად თარგმნა ქართველოლოგმა ჰაინალკა ბაბირაკმა.
ოფიციალური მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა ახალგაზრდა უნგრელი ხელოვანის პ. საბოს ფოტოების გამოფენა, რომლებიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ასახავენ. პ. საბო 2013-14 წლებში იმყოფებოდა ქ. გორში EVS (European Voluntary Service) პროგრამის ფარგლებში, როგორც მოხალისე და მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვების არტ-თერაპიის პროექტში.
მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და ქართული კერძები.