21 მაისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალ “ამირანთან“ დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი უძღვებოდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2-6 ივნისს თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიმართება.
2015 წელს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტი ქვეყნის კინოსკოლამ გამოთქვა. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა - მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.
2015 წლის „ამირანის“ ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. პეტერ სლანსკი - მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი, ქსიე ფეი - კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი, ნენად დიზდარევიჩი - სარაევოს კინოაკადემიის დეკანი და ვადიმ პროდანი - კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი. ჟიურის წევრები საკონკურსო პროგრამიდან გამოავლენენ გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და ოპერატორის ნამუშევარი.
ფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარიც ეყოლება მსოფლიო კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტისა და საბჭოს სახით. 1-2 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, ხოლო 7 ივნისამდე სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნულ კინოცენტრსა და სფეროს სხვა პროფესიონალებსა და სტუდენტებს შეხვდებიან.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა 4 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია და ფესტივალის გახსნისა და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიები. ყველა ღონისძიება გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და მათზე დასწრება თავისუფალია.
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში და წლების მანძლზე არაერთი ცნობილი კინოხელოვანი გახლდათ მისი ჟიურის წევრი.
2007 წელს აღდგენილი ფესტივალი მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის, რასაც ცხადყოფს შემოსული განაცხადებების სიმრავლე, სტუმრად ჩამოსული სტუდენტები, ჟიურის წევრები და ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფესტივალის ჯილდოს საპატიო ადგილი უჭირავს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცხოვრებაში.
მრავალი წელია ფესტივალს ერთგული მხარდამჭერები ჰყავს: კომპანიები „ელიტ-ელექტრონისქსი“, „სარაჯიშვილი“, „ყავა პელე“ და “ნაბეღლავი“, ტელეკომპანია „MUSIC BOX”, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო “GHN”, გაზეთები „24 საათი“ და „GEORGIA TODAY”.