აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროკავშირის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც 21-22 მაისს რიგაში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ალიევის მრჩეველი ალი ჰასანოვი ავრცელებს.
ჰასანოვის განცხადებით, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილება მისი გადატვირთული გრაფიკით არის გამოწვეული, ვინაიდან აზერბაიჯანში პირველი ევროპული თამაშების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.
,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რეალური გზებით უნდა დაამტკიცოს, რომ ,,აღმოსაველთ პარტნიორობის“ პროგრამა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
რიგის სამიტზე მონაწილეობის მიღებაზე უარი უკვე განაცხადეს ბელორუსიამ და სომხეთმა.