20 მაისს ლიტვური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაცია ესტუმრა. ფესტივალის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში „პოეზიის გაზაფხული 2015“ ჩატარდა, სადაც ლიტვურ და ქართულ ენებზე შექმნილი რამდენიმე პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის კაუნასის კოლეჯთან (kauno kolegija). მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი და აკადემიური პროექტების განხორციელებას, მათ შორის პრაქტიკული სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას; სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და კაუნასის კოლეჯის დირექტორმა მინდაუგას მისიუნასმა. საერთაშორისო ფესტივალი “პოეზიის გაზაფხული” ლიტვაში ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული პოეტები მონაწილეობენ. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება ლიტვის ფარგლებს გასცდა და სხვა ქვეყნებშიც იმართება. ფესტივალი საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის ლორეტა გრაუჟინიენის პატრონაჟითა და ლიტვური კულტურისა და ენის ცენტრის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი. ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში სამი წლის წინ ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნა. ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე ყველა მსურველს, რომელსაც უნდა, შეისწავლოს ლიტვური ენა, აქვს საშუალება, უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს კითხულობს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. ორგანიზატორთა განცხადებით, ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დაფინანსება კი ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მიღწევების მქონე ახალგაზრდები ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ. პროექტის პირველ ეტაპზე ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან.