ევროსაბჭოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ რეზოლუციას ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელთა მსგავსად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთავრობაშიც აკრიტიკებენ.
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პარტნიორობის შესახებ დადებული ხელშეკრულების მიმართ ევროსაბჭოს ნეგატიური დამოკიდებულება პოლიტიკურად გაუმართლებლად და არაკორექტულად მიაჩნია ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს.
ამის თაობაზე მან საინფორმაციო სააგენტო ,,რეგნუმის” ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ჩემის აზრით, 13 მაისს მიღებული დოკუმენტი დასავლეთის ინტრიგების ჯაჭვის მორიგი რგოლია. დასავლეთს ჯიუტად არ სურს იმ რელობის მიღება, რომ სამხრეთ ოსეთი არ ყოფილა და არც იქნება საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რომლის სუვერენიტეტსა და ერთიანობაზე ევროპაში ასე ძალიან ღელავენ.” - აღნიშნა ჯიოევმა.
მისი თქმით, ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების განვითარება მთლიან რეგიონში უსაფრთხოების სურვილით არის ნაკარნახევი, ხოლო დესტაბილიზაცია სწორედ დასავლეთის მიერ საქართველოს მთავრობის მფარველობამ შეიძლება გამოიწვიოს.
,,კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის დამღუპველ როლს სწორედ საქართველოს ხელისუფლების ამბიიციებისადმი დასავლელი ,,მფარველების” თავშეუკავებელი მხარდაჭერა ასრულებს, რაც სამხედრო დახმარებაშიც გამოიხატება - ეს იქნება აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები თუ საქართველოში ნატო-ს პოზიციების გაფართოება და გამყარება.
გასაგებია, რომ ნატო-ს საქართველო მოსახერხებელ პოლიგონად სჭირდება, მაგრამ ასეთი სახის დახმარება საქართველოს ხელმძღვანელობას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება სათავეში, იმედს უსახავს, რომ კვლავაც შეძლებს ზედაპირზე დარჩენას, რათა მეზობელი სახელმწიფოსგან მტრის ხატი შექმნას, შემდეგ კი მისგან თავდაცვის საბაბით დასავლეთიდან მეტი სამხედრო დახმარება მიიღოს.” - აცხადებს ჯიოევი.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ 13 მაისს მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთსა და დე ფაქტო მთავრობებს შორის გაფორმებული ეგრეთწოდებული ხელშეკრულებები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, არ აქვს იურიდიული ძალა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს.