თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარი დაუჭირეს თბილისის 77-ე საჯარო სკოლისათვის გრიგოლ კობახიძის, ხოლო 182-ე საჯარო სკოლისთვის აფხაზეთში გმირულად დაღუპული 17 წლის გოგიტა კიკნაძის სახელების მინიჭების საკითხებს.
კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, საკითხი საჯარო სკოლებისათვის სახელების დაბრუნების შესახებ, 2005 წელს საჯარო სკოლების რეორგანიზაციისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაა.
„განათლების სისტემაში 2005 წელს დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად დაზარალდნენ სკოლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ატარებდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და გმირების სახელებს. დღეს კომისიამ თახმობა მისცა ყოფილი V გიმნაზიისთვის, ამჟამად კი თბილისის 77-ე საჯარო სკოლისათვის გამოჩენილი პედაგოგისა და მეცნიერის გრიგოლ კობახიძის სახელის დაბრუნებას, რომელიც მან გიმნაზიის საჯარო სკოლად გარდაქმნის შედეგად დაკარგა. რეორგანიზაცია შეეხო 182-ე საჯარო სკოლასაც, რომელიც აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოგიტა კიკნაძის სახელს ატარებდა, რომელიც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანია. დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც გარდა სკოლების დირექტორებისა გოგიტა კიკნაძის ოჯახის წარმომადგენელი ესწრებოდა მხარი დავუჭირეთ აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემას“, - განაცხადა ტალიაშვილმა.
სხდომაზე ასევე მოიწონეს და მიიღეს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური მუზეუმის ინიციატივა „მუზეუმების ხეივანის“ დაარსების შესახებ, რომელსაც თბილისის ათივე მუნიციპალური მუზეუმის დირექტორი ესწრებოდა.