„ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ფრთხილად ოპტიმისტურები. ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი, გარკვეულწილად, უკან მოვიტოვეთ და არ გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ვალუტის გაუფასურება იქნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე არის“ - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საინვესტიციო სესიაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ვიცე-პრემიერს სთხოვეს განემარტა, რამდენად ახდენდა საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ალბათ ყველაზე უარესი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ კვლავ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მიუხედავად არსებული გარემოებებისა, ჩვენ გვაქვს უკვე პოზიტიური შედეგები - ექსპორტის სტატისტიკა ნამდვილად უმჯობესდება, ასევე სავალუტო შემოსავლები ტურისტების რაოდენობის ზრდისგან, თანდათანობით იზრდება ასევე ფულადი გადარიცხვების ოდენობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისგან“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, არის უკვე გარკვეული ნიშნები, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. „ჩვენ დავაჩქარეთ პრივატიზაციის პროცესები, აქედან მიღებული შემოსავლებით გასული წლის მაჩვენებლებს უკვე გადავაჭარბეთ კიდეც. დამატებით ვამზადებთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დიდ კომპანიებს და ასევე უძრავ ქონებას პრივატიზაციისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ არასაბიუჯეტო ინფრასტრუქტურის პორტფელებზე და ვიმედოვნებთ, რომ ამას ექნება საშუალოვადიანი და ასევე გრძელვადიანი პოზიტიური შედეგები“ - განაცხადა მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად შეიქმნა სპეციალური ინსტიტუტი - ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპარტნიორო ფონდის ფარგლებში. „სააგენტოს დაკომპლექტება ხდება ძალიან გამოცდილი ადამიანებით, ვთანამშრომლობთ იტალიის ექსპორტის მხარდაჭერის სააგენტოსთან და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული შედეგები გვექნება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.