ერთი კვირის წინ, სოხუმის ცენტრში, ორი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის გამართული ხელჩართული ჩხუბის გამო, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ და ქალაქ სოხუმის მილიციის უფროსმა დიმიტრი დბარმა პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს.
როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, დბარს თანამდებობის დატოვება თავად ხაჯიმბამ მოსთხოვა, ხოლო ლოლუას მიერ პოსტიდან წასვლის შესახებ დაწერილი განცხადებისთვის, მას ხელი ჯერ არ მოუწერია.
შემთხვევის თვითმხილველების თქმით, ინციდენტი 7 მაისს, დაახლოებით საღამოს 17 საათზე მოხდა.
სოხუმის ცენტრში, სასტუმრო ,,რიწასთან“ მოპატრულე ქალაქის მილიციის ორ თანამშრომელს თავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის რამდენიმე წევრი დაესხა. ისინი ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარსულში არსებული კონფლიქტის გამო პასუხს სთხოვდნენ. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მალე ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მილიციის თანამშრომლები მძიმე დაზიანებებით სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამბავს გაგრძელება მეორე დღესაც მოჰყვა, როცა პატრული წინა დღის კონფლიქტის წამომწყებ პირებს სოხუმის სანაპიროზე გადაეყარა. მათ დამნაშავეების მილიციის განყოფილებაში წაყვანა სცადეს, რასაც განმეორებითი კონფლიქტი მოჰყვა, ოღონდ ამჯერად სწორედ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი წევრი დაშავდა.
აღნიშნულმა ინციდენტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობაში, ისე საზოგადოებასა და მედიაში.
მომხდარი სოციალურ ქსელებზეც დიდი განსჯის საგნად იქცა.