კოალიცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, საბოლოო კვლევა არჩევნებია და მას ენდობა. რაც შეეხება სხვა კვლევებს, დეპუტატის შეფასებით, თავისთავად კვლევის ჩატარება ცუდი არ არის.
NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევების შფასებისას, ქანთარიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, რომ ლარის გაუფასურებით, მოსახლეობა კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნება.
,,საბოლოო კვლევა არის არჩევნები და მე ვენდობი მას. Dდანარჩენი ათასი კვლევა დაიდება, სხვადასხვა მეთოდოლოგიით და მხოლოდ ამაზე სწორება არ უნდა მოხდეს. თავად კვლევის ჩატარება ცუდი არაა. ის, რომ ლარის გაუფასურების გამო ხალხი კმაყოფილი ვერ იქნება, ეს გააგებია, ამას კვლევა რად უნდა”, -განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარია კვლევაში დაფიქსირებული შედეგების მიუხედავად რომლის თანახმად, ქვეყნისთვის სამ ყველზე პრიორიტეტულ საკითხს შორის ტერიტორიული მთლიანობის თემა ვერ მოხვდა და წინა პლანზე წამოწეულია სამუშაო ადგილები (66%), ინფლაცია (43%) და სიღარიბეა (39), მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს.
,,ჯერჯერობით, შეცვლის საკითხი არ დგას. ჩვენ გასულ კვირას მთავრობა ნდობა გამოუცხადეთ და მაქსიმალურად ეცდებიან ეკონომიკური პრობლემები გადაჭრან. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა მხოდდეს განახლება, მაგრამ ემ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხდეს ეკონომიკური პრობლემების მეთოდურად, ეტაპობრივად და არა ხალხის მოსაჩვენებლად მოგვარება”, _აცხადებს ქანთარია ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
მისივე თქმით, ,,ნაციონალების” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად დასახელება, რეალობას მოკლებულია.
,,ხალხმა თუ იმის მიხედვით დაასახელა ,,ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, რომ პარლამენტში დიდი რაოდენობით არიან, თავისი პარტიული ტელევიზია აქვთ, სიმრავლის მიხედვით შეიძლება ჰქონდეს ზოგს ასეთი შთაბეჭდილება. თუმცა, სიღრმისეულად თუ ჩავხედავთ ამ ყველაფერს ეს რეალობას არ ასახავს”, _აცხადებს ქანთარია.
შეგახსენებთ, წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგების თანახმად კი, მოსახლეობა სამუშაო ადგილებს, ინფლაციას/მზარდ ფასებს და სიღარიბეს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად მიიჩნევს. კვლევის ფარგლებში, ყველაზე პრობლემატურ საკითხებად მოქალაქეთა 67%–მა სამუშაო ადგილები, 43%–მა ინფლაცია და მზარდი ფასები, ხოლო 37%-მა სიღარიბე დაასახელა.
მოსახლეობის მხოლოდ 3% აცხადებს, რომ ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მოსახლეობის მხოლოდ 11% ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიანიშნებს; 34% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევაში იგივე მაჩვენებელი 17%–ს წარმოადგენდა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი (23%) მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევის იგივე მაჩვენებელი 40%–ს შეადგენდა.
პირველად დაფიქსირდა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი მთავრობა არ იღებს მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (49%), აღემატება იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლება ატარებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს (44%).
გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).