განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზოგადად, დისკრიმინაციული სიტუაციაა, რომლის გამოსასწორებლადაც, სამინისტრო უკვე მუშაობს. ამის შესახებ მან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.
მინისტრის განმარტებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიუჯეტთან და ხელფასებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ზოგადად, დაძაბული სიტუაციაა, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება, დაწესებულების მეცნიერ-თანამშრომლებს შევხვდე და ვესაუბრო. ძირითადად, საუბრებს არსებული დირექტორი აწარმოებს. საკონკურსო პირობები ჩვეულებრივად მიმდინარეობს. აბსოლუტურად სამართლიან ჩარჩოებში და ნორმალური მიდგომით ვაპირებთ, რომ ეს პროცესები დავასრულოთ“, - განაცხადა თმარ სანიკიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი და გრანტიდან მოპოვებული სახსრები, რომლებიც სახელფასო ნაწილს შეადგენს, ძირითადად, ერთიდაიგივე ადამიანებზეა განაწილებული, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება არ დგას.
„ეს დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. აუდიტის დასკვნა საკმაოდ მძიმეა. ამ დასკვნით უკვე სახელმწიფო აუდიტიც დაინტერსდა. ისიც სწავლობს უკვე ამ დასკვნას და ალბათ დამატებითი ინფორმაციისთვის ხელნაწერთა ცენტრს მიაკითხავს“, - აღნიშნა სანიკიძემ.
მისივე განმარტებით, ხელნაწერთა ცენტრში გადაცდომები ძირითადად, იურიდიულ, საფინანსო და ადმინისტრაციულ ნაწილში არსებობს.